ახალციხელმა, ახალგაზრდა გამომგონებლებმა ინოვაციური მოწყობილობა შექმნეს. მეექსვე სკოლისა და კერძო სკოლის მოსწავლემ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია „მზექაში“ მოაწყეს. მათ თანატოლებს გამოგონება წარმოუდგინეს და ნივთის დანიშნულებაზე ესაუბრნენ. რა წარმატებას მიაღწიეს ახალციხელმა პატარა გამომგონებლებმა და რა სამომავლო გეგმები აქვთ მათ ჩვენის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
აქსერო ხელთათმანი, რომლის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ძალდაუტანებლად, ყველას დახმარების გარეშე გადაადგილებას შეძლებენ და მულტიკლიმატიზატორი–ეს ინოვაციური გამოგონება ახალციხელმა მოსწავლეებმა შექმნეს. მეათე კლასელებმა, კარლო ხუციშვილმა და ირაკლი კაპანაძემ თავიანთი ხელსაწყო დღეს კერძო სკოლა მზექას მოსწავლეებს წარმოუდგინეს და ნივთის დანიშნულებაზე ისაუბრეს.
“მზექას” სკოლის მოსწავლე კარლო ხუციშვილი და მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე ირაკლი კაპანაძე გამოგონებაზე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ პროექტში „ლეონარდო დავინჩი“ მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი ნამუშევარი წარადგინეს, რომელმაც საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილი დაიკავა.
“მზექას” სკოლის დირექტორის თქმით, ადმინისტრაცია ბავშვების საქმიანობას ხელს შეუწყობს. ბელა კაპანაძის ინიციატივით, მათთვის ოთახი გამოიყოფა, სადაც პატარა გამომგონებლები მუშაობას შეუფერხებლად შეძლებენ.
ახალგაზრდა გამომგონებლები 10 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოსსანჯელესში გაემგზავრებიან. ისინი საერთაშორისო კონკურსზე მულტიკლიმატიზატორს წარადგენენ.