ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგეგობასთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებთ, ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკითხის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვა საჯარო ინტერესის სფეროს განეკუთვნება და მისი შესწავლა თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ტოლერანტობის დაცვის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.
“საქართველოს სახალხო დამცველი, კონსტიტუციური მანდატით გათვალისიწნებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოს სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საქმიანობაში.
მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის 9 დეკემბრის წერილით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა, რომ 2014 წლის 2 დეკემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოფელ მოხეში მდებარე შენობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ. წერილის მიხედვით, კომისიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები არიან, ხოლო კომისიას, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველის დამკვირვებლის სტატუსით ჩაბმა გაზრდის კომისიისადმი საზოგადოებრივ ნდობას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას” – ნათქვამია გნცხადებაში