პრემიებთან დაკავშირებული
დავა ახალციხის გარდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც
მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის საკრებულომ 100%-იანი სახელფასო
დანამატის მოთხოვნით აღმასრულებელ ორგანოს 27 ივნისს მიმართა, რაზეც
სოციალური და ეკონომიკური სამსახურისაგან უარი მიიღო.
გიორგი თეგეტაშვილი „მეცხრე არხთან“ სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ საკრებულოს განცხადება უკან მიუბრუნა, რადგან ბიუჯეტში თანხა არ არის და საკრებულომ არც ის დაუსაბუთა რის საფუძველზე ითხოვდა პრემიებს.
„რაც თანხა გვქონდა ბიუჯეტში, ასპინძაში მოსული სტიქიისას სარეზერვო ფონდს დავუმატეთ, თუმცა საკმარისი თანხა რომ გვქონდეს საკრებულოს წევრებზე პრემიებს მაინც არ გავცემთ იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა სამსახურში არ გამოჩენილა და საამისოდ არაფერი გაუკეთებიათ, ახლა მიდიან და სახელფასო დანამატს ითხოვენ“ -აღნიშნა „ექოსთამნ“ საუბრისას სოციალური და ეკონომიკური სამსახურის უფროსმა.
გიორგი თეგეტაშვილი ამბობს, რომ პრემიებთან დაკავშირებით საკრებულომ განცახდებით ორჯერ მიმართა და დანამატის გაცემას ყველა წევრზე ითხოვს, რაც 22 000 ლარს აღწევს, თუმცა მას გადაწყვეტილი აქვს, რომ აღმასრულებელ ორგანოს ამჯერადაც უარი განუცხადოს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით აღმასრულებელ ორგანოს განცხადებით მიმართა, თუმცა მათგან არც უარი მიუღია და არც დასტური, იმის შესახებ, რომ საკრებულოს თანამშრომები პრემიებს მიიღებენ.
“ყველა თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებს, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ მათ სახელფასო დანამატები უნდა მიიღონ”-აცხადებს “მეცხრე არხთან” საუბარში ალიკა მელიქიძე.
საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გამგებელთან პრემიების თაობაზე ჯერ არ უსაუბრია.