ახალციხის მუნიციპალიტეტში მენინგიტის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 შემთხვევა ახალციხეში, 1 სოფელ მუსხში და 1 სოფელ აწყურში. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაავადებული ბავშვები თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო შემდეგ მათი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. ლაბორატორიული გამოკვლევით სამივე მათგანს მენინგიტი დაუდასტურდა. მოზარდებს ამ დროისათვის შესაბამისი მკურნალობა თბილისში უტარდებათ.
მედიკოსების განმარტებით , ბავშვები მენინგიტით ისევე ავადდებიან, როგორც ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციით. რაც უფრო მცირე ასაკისაა იგი, მით უფრო მაღალია დაავადების რისკი.
ინფექცია ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება – ისევე, როგორც გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები, თუმცა არც კონტაქტური გზით – საერთო საგნების, ნივთების ან ჭურჭლის საშუალებით – გავრცელებაა გამორიცხული.
მენინგიტის სამი საშიში სიმპტომია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და კეფისა და კუნთების დაჭიმულობა. მენინგიტზე ეჭვის შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად უნდა მოთავსდეს სტაციონარში.