ქართული მართლმადიდებელი
ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ
დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საღმრთო ლიტურგია სვეტიცხოვლის
საკათედრო ტაძარში აღავლინა.
წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში მისი აღნიშვნა საქართველოდან გადავიდა.
დღესასწაული სამცხე–ჯავახეთში ყველა მოქმედ ტაძრში აღინიშნა, როგორ ჩაიარა გიორგობამ ახალციხეში და წმინდა გიორგის სახელობის რამდენი ტაძარია სამცხე–ჯავახეთში, დეტალებზე ხვალ “კვირის ექოში” გიამბობთ.