კულტურის მინისტრის
მოადგილემ მარინა მიზანდარმა დღეს სამინისტროში ტაო-კლარჯეთში ვიზიტის
შედეგები შეაჯამა. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მინისტრის
მოადგილემ განაცხადა, ქართულ სპეციალისტთა მესამე ოფიციალური ვიზიტი
ისტორიულ ტაო-კლარჯეთში წარმატებით დასრულდა.
მიზანდარის თქმით, ამ ეტაპზე, ქართველ ექსპერტთა პირველი და მეორე
სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები თურქეთის
მხარის მიერ დიდწილად გათვალისწინებულია. დამუშავებულია ძეგლის
საინჟინრო კონსტრუქციული გაძლიერების პროექტი, რომელიც აქამდე არ
არსებობდა. ასევე გაძლიერდა იატაკის დამცავი ფენა ინერტული მასის
დამატებითი ფენით და სამუშაოები იშხანში აღარ ხორციელდება
პროფესიონალი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე.
ამასთან, იშხანში მყოფმა ქართველმა სპეციალისტებმა თურქ კოლეგებს
გააცნეს მეთოდური და ტექნიკური რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით
ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს. ვიზიტის შედეგად
შედგა შეთანხმება, რომ იშხანის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ მინაშენზე
განხორციელდება ახლად აღდგენილი საკირე წყობის სათანადო დამუშავება,
რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს. მარინა
მიზანდარის თქმით, თურქულმა მხარემ კედლის მხატვრობის კონსერვაციის
მიზნით სტამბულში მიმართა შესაბამის სამსახურს და სპეციალისტი იქნება
ამ მხრივ ჩართული. მიზანდარმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარის
რეკომენდაციის შედეგად, პროექტის შესრულების ვადა გახანგრძივდა, რაც
მისი უკეთესი რესტავრაციისათვის კარგი იქნება.
პრესკონფერენციაზე ოშკთან დაკავშირებით ასევე ითქვა, რომ წელს
სამუშაოები ტაძარზე არ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაწყება წელს,
აგვისტოში იყო გათვალისწინებული. პროექტის სრულყოფისა და შეცდომების
თავის დაღწევის მიზნით, თურქულმა მხარემ პროექტის დასრულების ვადა
2013 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ასევე გახანგრძლივდა იშხანზე
სამუშაოების დასრულების ვადაც.
პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდა 18-19 ივლისს იშხანში ჩასული
ქართველი სპეციალისტების ჯგუფი. კერძოდ, ამ ჯგუფში კულტურის
სამინისტროს წარმომადგენლის გარდა შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის
დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე და ჩუბინაშვილის
სახელობის ცენტრისა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს
წარმომადგენლები. ყველა მათგანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იშხანის
რეკონსტრუქციის პროექტის მიმდინარეობისას ქართველ სპეციალისტთა
რეკომენდაციებს გათვალისწინება ხდება და ტაძრის რეკონსტრუქცია
მიმდინარეობს მაღალი ხარისხის მასალებით. სხვათა შორის, გამოიყენებენ
კირქვას და არა ცემენტს. ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგური
ნივთები, ამჟამად შეგროვებულია და გადატანილია რიზეს მუზეუმში.
პრესკონფერენციაზე მარინა მიზანდარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღწეული
თურქეთის მხარის კეთილ ნებას წარმოადგენს და ამ სამუშაოებში ძალიან
დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თურქეთის ელჩს მურათ ბურხანს.
მისი თქმით, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთო კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე პროექტი ჯერჯერობით კვლავ
ხელმოწერილი არ არის და იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია
გაჩერებული.
“ინტერპრესნიუსი”