საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. ახალციხეში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ორ სესიად ჩატარდა.
პირველი სესიის რეგისტრაცია აბიტურიენტებმა 08:00 საათზე, ხოლო მეორე – 14:00 საათზე გაიარეს. გამოცდა რეგისტრაციიდან ზუსტად ერთ საათში დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდის ორივე სესიაზე 480 აპლიკანტი დაფიქსირდა. ახალციხის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის განმარტებით, გამოცდის პირველ დღეს 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
აბიტურიენტებს წინა წლებისგან განსხვავებით, წერითი დავალების გარდა, გამოცდის გარკვეული საკითხების ჩაბარება ელექტრონული ვერსიითაც მოუხდათ. ახალგაზრდების თქმით საგამოცდო ტესტები საშუალო სირთულის იყო და იმედოვნენ, რომ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ.
ახალციხის საგამოცდო ცენტრი მეხუთე საჯარო სკოლაშია განთავსებული.
სკოლის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები.
გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 2 ივლისს დასრულდება. საგამოცდო ტესტების მინიმალური ბარიერი 21 ქულაა, ხოლო მაქსიმალური – 80.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4–5 ივლისს ზოგად უნარებით გაგრძელდება.