ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სახალხო–საეკლესიო დღესასწაული “ანთიმოზობა” აღინიშნება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აღავლენს. წირვას მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებიან.
სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები, რომელიც 13:00 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივები და თბილისიდან მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ. მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა. დღესასწაული საზეიმო ტრაპეზით დასრულდება.
“ანთიმოზობა” წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელთანაა დაკავშირებული. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, იგი სოფელ უდიდან იყო და თურქთა ერთ–ერთი შემოსევის დროს საქართველოდან გაუტაციათ. ინფორმაცია, რომ ანთიმოზ ივერიელი უდის მკვიდრი იყო, ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იგი წარმოშობით მესხეთიდან იყო და მისი გატაცებაც სწორედ აქედან მოხდა.
“ანთიმოზობის” აღნიშვნას სოფელ უდეში, „წმიდა ანთიმ ივერიელის რუმინეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების“ ინიციატივით 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი. წელს დღესასწაულს მეთორემეტედ ზეიმობენ.
“რუმინეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების”ინფორმაციით, 2016 წლის 27 სექტემბერს წმიდა ანთიმ (ანთიმოზ) ივერიელის მოწამებრივად აღსრულებიდან 300 წელი სრულდება. ტრადიციის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანთა აღსრულების თარიღებს განსაკუთრებულად აღნიშნავს. რუმინეთში საერო და საეკლესიო ხასიათის ღონისძიებები, უკვე მიმდინარეობს, რომელის კულმინაციაც 27 სექტემბერს, რუმინეთში წმინდანის ხსენების დღეს დაემთხვევა.
თიკო კურტანიძე