უფლის ამაღლებიდან მეათე დღეს, მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება.
წმინდა წერილების მიხედვით, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის 9:00 საათზე ზეციდან გარდამოვიდა სულიწმიდა და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით თავზე დაადგა. მოციქულებმა, სხვადასხვა ენაზე ქადაგება დაიწყეს.
ატეხილი ხმაურის გამო უამრავი ადამიანი შეიკრიბა სახლთან, სადაც ქრისტეს მოწაფენი ცხოვრობდნენ. უსმენდნენ მოციქულებს და უკვირდათ, რადგან მათი ქადაგება, ყველას საკუთარ ენაზე ესმოდა. პირველივე დღეს, წმ. პეტრე მოციქულის ქადაგებამ, 3 000 ადამიანი მოაქცია.
სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიებს ბალახითა და ყვავილებით რთავენ, რაც ადამიანის სულიერი განახლებისა და სიცოცხლის სიმბოლოა. მორწმუნეები წირვაზე ყვავილებითა და ანთებული სანთლებით მიდიან და სულთმოფენობის ლოცვას მუხლმოდრეკილნი ისმენენ.
სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგი კვირა მსგეფსია – ხსნილია ოთხშაბათი და პარასკევი. ერთი კვირის შემდეგ კი, პეტრე-პავლობის მარხვა იწყება.