სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთიდან სამი წარმომადგენელი დააჯილდოვეს.
ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა 28 მაისს, თბილისში გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნინო ბუაჩიძე მიესალმნენ.
კონფერენციის სტუმრებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ხელშეწყობით განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტო–გამოფენა დაათვალიერეს. ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 400 პედაგოგი სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ.
კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო – მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი გადაეცათ. სამცხე-ჯავახეთიდან წლის საუკეთესო პედაგოგის ტიტული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგს ბერნიკ ჰოვსეფიანმა დაიმსახურა, ასევე წარმატებული პედაგოგის სერთიფიკატი გადაეცა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის სკოლის პედაგოგს ნანა მაღრაძეს და სპეციალური სერტიფიკატით დაჯილდოვდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლა–ლიცეუმის პედაგოგი მაია გულიაშვილი.
კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ახორციელებს. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უზრუნველყოფს. სამცხე – ჯავახეთში პარტნიორი ორგანიზაციაა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.