სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში უცხო ენების პედაგოგთათვის კონფერენცია გაიმართა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ინგლისური ენის სპეციალისტებს მასწავლებელთა გამოცდებში შეტანილი ცვლილებები გააცნეს.
ცვლილების თანახმად, პედაგოგი შესაბამის ტესტებს კომპიუტერში წაიკითხავს, სწორ ვარიანტს კი სპეციალურ „პასუხების ფურცელში“ დააფიქსირებს. გარდა ამისა, მეთოდიკის ნაწილი ამოღებულია. მასწავლებელთა ცოდნის დონის შემოწმება მხოლოდ ტესტის მეშვეობით მოხდება.
სამცხე–ჯავახეთის ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია რიგით მესამე იყო, რომელიც უნივერსიტეტთან არსებული ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ახალციხის ფილიალის ეგიდით ჩატარდა. სიახლეების გასაცნობად შეხვედრას პედაგოგები ასპინძის ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებიდან დაესწრნენ.