ე.წ „ბაკურიანის საქმეზე“ კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს. ადგილობრივი მცხოვრები ალექსანდრე ბოლოთაშვილი დღეს 24 მაისს, სამართალდამცვლებმა ბაკურიანში აიყვანეს. ბრალდებულის მხარდასაჭერად დღესვე მოსახლეობა შეიკრიბა და მისი დაკავება გააპროტესტა.
„ეს არის ტერორი ბაკურიანელებზე სახელმწიფოს მხრიდან, ამას ახორცილებს პროკურატურა და მას ეხმარება სასამართლო“ – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე. მისი თქმით, ბაკურიანელებმა პროკურატურას განუმარტეს, რომ დამალვას არ აპირებენ და თავიანთი უფლებებისთვის იბრძოლებენ, მიუხედავად ამისა დაკავებები დღემდე გრძელდება.
ალექსანდრე ბოლოთაშვილის დაკავებამდე, ბაკურიანის მაცხოვრებლები, სადავო მიწების თაობაზე, ახალციხეში პროკურორს შეხვდენ. მათი თქმით, პეტრე მანველიშვილს ყველა ის დოკუმენტი წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ნაკვეთების კანონიერი მფლობელები თავად არიან. ბაკურიანელების თქმით, შეხვედრაზე მიწების მფლობელთა დაკავების საკითხსაც შეეხნენ. პროკურორთან საუბრიდან გამომდინარე, ისინი ფიქრობდნენ, რომ დაკავებები აღარ გაგრძელდებოდა.
ბაკურიანის მიწების საქმეზე ალექსანდრე ბოლოთაშვილი რიგით მეხუთე დაკავებულია. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის თანახმად დააკავეს, რაც თაღლითობას გულისხმობს. დაკავებულთაგან ოთხი ბრალდებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მათზე რეგისტრირებული მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნება გადაწყვიტეს.
პროკურატურის მოთხოვნით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ყადაღა ბაკურიანში, 38 მიწის ნაკვეთს თებერვალსა და აპრილში დაადო. დაბის მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ყადაღადადებული ნაკვეთების მეპატრონეებს პროკურატურაში იბარებენ და მათგან სახელმწიფოს სასარგებლოდ, მიწის დათმობას მოითხოვენ.