სამართალი
ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს მიმართა
ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსმა მიხეილ ბუცხრიკიძემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. იგი ადიგენის საკრებულოს სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას სთხოვს.
მიხეილ ბუცხრიკიძის ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სამი იურისტი დაიცავს. მისმა ადვოკატმა, სარჩელი გუშინ, 21 იანვარს შეიტანა, შესაბამისად ამ ეტაპზე უცნობია, მოხდება თუ არა სარჩელის წარმოებაში მიღება და როდის გაიმართება პირველი სასამართლო სხდომა.
tv9news.ge-თან სატელეფონო საუბარში მიხეილ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ თავისუფალმა სასამართლომ მისი სარჩელი უნდა დააკმაყოფილოს, რადგან მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
"ერთპიროვნულად მოხდა ჩემი გათავისუფლება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ყველა წესი დაარღვიეს ბრძანების შედგენის დროს. აქ განსახილველიც არაფერი არ არის. მოსამართლემ წესით პირველივე სხდომაზე ბათილად უნდა ცნოს ან გააუქმოს ეს ბრძანება, რადგან ეს იყო პოლიტიკური დავალება და საკრებულოს თავმჯდომარემ შეასრულა"- გვეუბნება მიხეილ ბუცხრიკიძე.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 დეკემბერს ადიგენის საკრებულოს აპარატის ყოფილმა უფროსმა მიხეილ ბუცხრიკიძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ემიჯნებოდა მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, გმობდა ძალადობას და ასევე, გააპროტესტა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები. ბუცხრიკიძის ამ პოსტს კი მეორე დღესვე, ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებით უპასუხა.
გააზიარეთ :