„ისკანდერით“ და დრონებით რუსეთმა უკრაინას შეუტია
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. იყო სარაკეტო შეტევაც. არიან დაშავებულები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 8 აპრილს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, გასული საღამოდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერით“ და სხვადასხვა ტიპის 46 დრონით.
სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 9 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, ხოლო 31 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
რაკეტა „ისკანდერით“ შეტევა ხარკოვის ოლქზე იყო. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული რაკეტა დაბა ვისოკიში მოხვდა ამჟამად უმოქმედო დასასვენებელი ბაზის 4-სართულიან შენობას. დაშავდა სამი ადამიანი.
დრონებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში დაზიანებულია ათამდე მრავალბინიანი და კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა და საწარმო.
ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ საღამოს და დღეს დილით დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთიც. თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 23 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 19 კურსკის ოლქში და 4 - ბელგოროდის ოლქში.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, დრონით შეტევის შედეგად სოფელ ბორკიში ორი 16 წლის მოზარდი დაშავდა.