როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მესხური დელიკატესი - ტენილი ყველი?
20:35 / 02.04.2022
ტენილი ყველი მესხეთის საგანძურია, რომელსაც გაფრთხილება, მემკვიდრეობით გადაცემა და შენარჩუნება სჭირდება. სამწუხაროდ, არც ისე ბევრი ადამიანია შემორჩენილი ვისაც მისი ტრადიციული წესით დამზადება ახსოვს, იცის და მისდევს.
ტენილი ყველი ნაღებისგან მზადდება ანუ იმ ცხიმოვანი ფენისგან რომელსაც დილით მოწველილი რძე საღამომდე მოიკიდებს თავზე, ხოლო საღამოს მოწველილი-დილისთვის. ნაღებმოხდილ რძეს ერთი დღით დაასვენებენ. შემდეგ რძეს ცეცხლზე შემოდგამენ და ნელ-ნელა დვრიტას სითხეს ჩაამატებენ. მესხეთში რძის შესადიდებლად დვრიტას სითხეს გამოიყენებენ რომელიც თავად მაჭიკისგანაა დამზადებული. მაჭიკი ზოგიერთი ცხოველის კუჭის ნაწილია რომელსაც ჯერ დაამარილებენ, შემდგომ ახმობენ და ყველის შესადედებლად გამოიყენებენ. დამარილება კი შემდეგნაირად ხდება; ქილაში ანდა რაიმე ჭურჭელში მოთავსებულ მაჭიკს შრატს დაასხამენ და ცოტაოდენ ქვამარილს ჩაამატებენ. იგი რამოდენიმე დღეში იქნება მზად.
შედედებულ ყველს ხის კოვზით ზედ გობზედვე ჩააჭერენ რომ ყველიდან შრატი გამოდევნონ და ცხელ-ცხელივეს რძიდან ამოიღებენ ჯერ მომრგვალებული ფორმით რომ ყველის სრული მასა ხელზედ მოიგროვონ, მერე ამ ყველს წრისებურ ფორმას მისცემენ და ცხელსავეს ხელზედ ატრიალებენ რომ გაიწელოს და გრძელი, შეკრული ძაფის გორგალისებური ფორმა მიიღოს. ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია, ამასთანავე სისხარტეს და მოქნილობას მოითხოვს. პარალულურად, ამ ძაფისმაგვარ ყველს იმ ცხელ შრატში ჩააბრუნებენ და ატრიალებენ რომ ყველი გამოიყვანონ. ყველის დაწვრილების ამ წუთებში შრატი მუდმივად ცხელი უნდა იყოს, ამიტომ ქვაბში ცხელი შრატის ჩამატებაა-ხოლმე საჭირო. პროცესი 20-25 წუთს მაინც გრძელდება შეუსვენებლივ.
როდესაც ყველი უკვე თმის ღერის ოდენა გახდება მას ცხელი შრატიდან ცივ წყალში გადაიტანენ, სარეცხივით გაავლებენ და გაწურავენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველის ღეროები ერთმანეთს არ ეკრობოდეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფს 10-15 წუთით მარილწყალში გაავლებენ და საბოლოოდ გაწურულს ხის ბოძზედ ჩამოკიდებენ გასაშრობად, მთელი ღამის ჩამოწრეტილ ყველს მეორე დღეს დაჭრიან დაახლოებით ერთ მტკაველ სიგრძე ნაჭრებად და გასაშრობად მარლაზე გააჩერებენ კიდევ 1-2 დღეს სრულ გაშრობამდე. როდესაც ყველი კარგად გაშრება ნაწილ-ნაწილ აიღებენ და ზემოთ რომ ნაღები მოვხადეთ რძეს იმ ნაღებს ორივე გვერდიდან კარგად წაუსმევენ და ცალკე ხის გობზე გადააწყობენ დახრილად, რათა შრატისგან საბოლოოდ კარგად ჩამოიწრიტოს.
ტენილი ყველის შემდეგი ეტაპია ყველის დამწნილება, რისთვისაც მესხეთში თიხის ქოთანს იყენებენ. ქოთნის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე იმაზეა დამოკიდებული თუ რა რაოდენობის ყველს ამზადებს ოჯახი. ყველი ისე უნდა ჩატენო რომ ჰაერი არ ჩაჰყვეს. აქედანაა მისი სახელიც წარმოშობილი: ტენილი ყველი. ყველით ჩაპრესილ ამ ქოთანს გადმოპირქვავებულად ნაცარ მოყრილ ფიცარზედ დაამხობენ რომ ნაღების შრატი ჩამოიწუროს. პირქვე დამხობილ ქოთანში მოთავსებული ყველი დაახლოებით 2 თვის მანძილზე მწიფდება.ტენილ ყველს უფრო ზამთრისთვის აკეთებენ. იგი, როგორც ასეთი ყოველდღიური საჭმელი არაა. მას უფრო აღდგომას და სადღესასწაულო დღეებში მიირთმევენ.
ტენილი ყველი რძის პროდუქტების დელიკატესია რომელსაც 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.