მულტიმედია
მზადება ხანგრძლივი ზამთრისთვის (ფოტორეპორტაჟი)
მოსავლის დაბინავება, პირუტყვისთვის საკვების მომარაგება და ხანგრძლივი ზამთრის გასატანად მზადება - ეს სამცხე-ჯავახეთის სოფლების რეალობაა. მას შემდეგ, რაც კოვიდ19-მა ქვეყანასა და რეგიონში ვითარება შეცვალა, ადგილობრივთა ყოველდღიურობაც შეიცვალა.
დამუშავებული მიწების გაზრდილი რაოდენობა, მოწეული მოსავლის დიდი მარაგი, გაძვირებული იმპორტირებული პროდუქტი და გაიაფებული ,,გლეხის ნაშრომი" - საქართველოს სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობა კორონავირუსის გამო სოფლებში შექმნილ ვითარებას აფასებს.
ახალციხის სოფელ ჭაჭარაქში თავი სოფლის მეურნეობით გააქვთ. კრედიტით ნაყიდი 70-მდე პირუტყვი, წელს მთაში, სამმა ოჯახმა ერთდროულად დაკარგა. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრის მიუხედავად, მათი საქონელი ქურდებმა თურქეთში გადარეკეს.
სოფელ წყალთბილაში ამბობენ, რომ უკეთესობისკენ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მიგრაციის საკითხი მთავარ გამოწვევად რჩება. 2002-დან 2014 წლამდე, სოფელი 664-მა ადგილობრივმა დატოვა. მოსახლეობა ამბობს, რომ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ წასვლა უკვე ჩვევად ექცათ, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩასულებს ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველას ფარეხში დგას ავტომობილი ასეთი ნომრებით.
ახალციხის სოფელ ხაკში კარტოფილის ამოყრა დილით ადრე იწყება. მამაკაცები მცირე ზომის ტრაქტორით მიწიდან ბოსტნეულს იღებენ, მოგვიანებით, როცა მიწაზე გადაშლილ კარტოფილს "მზე დახედავს", საქმეში ქალები და ბავშვები ერთვებიან.
სომეხი მოსახლეობა თავის სარჩენად ძირითადად რუსეთში მიდის საცხოვრებლად. მამა-პაპის სახლ-კარს ნაწილი ზაფხულობით, ნაწილი კი ხშირად წლების შემდეგ ნახულობს. ახალციხის სოფელ საძელში, რეგიონის სხვა სოფლების მსგავსად ხშირად შეხვდებით სახლის დაკეტილ ჭიშკრებს.
ახალციხის სოფლების მსგავსად, უმუშევრობას მიიჩნევენ ერთერთ მთავარ პრობლემად ჯავახეთშიც. ნინოწმინდის სოფელ ეშტიაში ადგილობრივები ოჯახს რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებით არჩენდნენ. კორონავირუსის პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სოფლის მოსახლეობა ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩა.
მომთაბარე მწყემსებისთვის ალპურ ზონაში ხელსაყრელი პირობებია. ამიტომ სოფლის მიმდებარედ, სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფერმერები ცხვრის ფარასა და საქონელს აძოვებენ.
ოჯახის გარდა, ნინოწმინდის სოფელ თორიაში ზრუნვა პირუტყვის გამოსაკვებადაც უწევთ. წელს თივა გაძვირდა, ამიტომ ბევრი უნდა მოაგროვონ, რომ გაზაფხულზე ყიდვა კიდევ უფრო გაძვირებულ გასშის არ მოუწიოთ.
ახალქალაქის სოფელ ვარევნის მოსახლეობამ ზამთრისთვის თივის მოგროვება ჯერ კიდევ ივლისიდან დაიწყო. ადგილობრივები ადრე მასშტაბური მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. ახლა კი ორი ძროხის შენახვას ძლივს ახერხებენ, რის გამოც ძირითადად მეკარტოფილეობას მისდევენ.
შემოდგომის თბილ დღეებში, ახალქალაქის სოფელ გულიკამში მოსავალს აბინავებენ. კომბოსტოს ცუდ და გაფუჭებულ ფოთლებს აცლიან, აგროვებენ და ზამთარში კურდღლებს აჭმევენ.
მკაცრი ზამთრისთვის წელიწადის ამ დროს ადგილობრივები ტრადიციული მეთოდით თბებიან. ზამთარში გასათბობად ჯავახეთში, შეშასთან ერთად, წივას იყენებენ. სოფელში ხშირად შეხვდებით ბოსლებსა და სახლის სახურავებს, რომლებიც წივითაა გადახურული.
წივა ოთხკუთხედად დაჭრილი გამხმარი ნაკელია, რომელიც საწვავად გამოიყენება. ზამთარში ყინვა მინუს 40 გრადუსამდე ეცემა. მოსახლეობის თქმით, ცივი სეზონის გადასალახად, მინიმუმ 7-8 ძროხის ნაკელისგან დამზადებული წივაა საჭირო.სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის მოსახლეობის დაახლოებით 45%-ს ეთნიკური სომხები შეადგენენ. ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვან რეგიონში ზამთარი ექვს თვეზე დიდხანს გრძელდება. კორონავირუსის გამო, მოსახლეობა წელს განსაკუთრებულად იმარაგებს სარჩო-საბადებელს.გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
გააზიარეთ :