მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა შეასრულა.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.
წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. უფალმა ყოვლადწმინდა მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ – თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.
სადღესასწაულო ღვთიმსახურების ბოლოს მეუფე თეოდორემ საფარის მონასტრის ბერი მამა ელისე დიაკვნად აკურთხა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილი მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.
დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.
|