როგორი ამინდი იქნება აღდგომას სამცხე-ჯავახეთში?
როგორი ამინდი იქნება სადღესასწაულო დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი - შედარებით დაბალი ტემპერატურა, ასევე, შესაძლოა მცირედი წვიმაც:
"აღდგომის დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შაბათს - 20-22 გრადუსი იქნება, ხოლო კვირას, აღდგომის დღეს კი, დაახლოებით, 23-25 გრადუსი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კვირას, 16 აპრილს, მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, ასევე, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში, ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 11-13 გრადუსი იქნება.
ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ ქარი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
შაბათს კი, დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ხოლო ღამის საათებში - ღამისთევისთვის შესაძლებელია მოიღრუბლოს,"- განაცხადა დოდო გვაზავამ.
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 15 და 16 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 18 და 20, ღამით კი 2 და 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 14 და 16, ღამით კი 4 და 6 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 და 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 და 2. ადიგენში დღისით 13 და 14, ღამით კი 1 და 3 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 11 და 15, ღამით ორივე დღეს მინუს 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9 და 13- ს, ღამით კი მინუს 8 და მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 და 15 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1 და 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 9 და 10, ღამით კი ორივე დღეს 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 და 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 და 7 გრადუსი იქნება.