უკრაინაში კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია - მარკო რუბიო
უკრაინაში კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ, ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის - აშშ-ს, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის - და ის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, უკრაინაში ომის დასრულება „ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს“.
„მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. მიზნად ეს რჩება და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ უკრაინაში „პროქსი ომი“ (proxy war) მიმდინარეობს ორ ბირთვულ სახელმწიფოს — შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის. პროქსი ომი ეწოდება დაპირისპირებული მხარეების არაპირდაპირ ომს სხვა ძალების და აქტორების გამოყენებით.
კრემლი, რომელმაც თავად და არაპროვოცირებულად წამოიწყო სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინაში, მაგრამ დიდი ხანია ამ ომს ეძახის „ანგლო-საქსების პროქსი ომს რუსეთის წინააღმდეგ”, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაეთანხმა.