სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ. სამცხე–ჯავახეთიდან საზღვარგარეთ სამი პიროვნება იმყოფება.
ასპინძის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ამირან ლაზარაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მარინე ხუჯაძე და კოოპერატივ “კოდის” თავმჯდომარე გიორგი მერაბიშვილი იაპონიაში ტრენინგზე იმყოფებიან, სადაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კომბინირებით რეგიონის დაგეგმარების თემაზე 20 დღიან კურსს გადიან.
მესხური პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, დელეგაციამ სამცხე–ჯავახეთიდან ადგილობრივი წარმოების პროდუქცია წაიღო. იაპონელებმა მესხური ყველი, ღვინო, მინერალური წყლები, ბორჯომი, თაფლი, ქაცვის ჯემი და თუთის ნაწარმი დააგემოვნეს.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, სამცხე–ჯავახეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. თავდაპირველად დელეგაცია საქართველოდან წავიდა, შემდეგ კი სამცხე–ჯავახეთს იაპონელები ესტუმრნენ და მესხური პროდუქციის წარმოებას ადგილზე გაეცნენ.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული „რეგიონული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, 2015–2016 წლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანსაც, საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა.