სომეხი ჯარისკაცების დასახმარებლად, დამალაში თანხის შეგროვება დაიწყეს
დღეს, 30 სექტემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მოსახლეობა შეიკრიბა. ადგილობრივებმა სომეხი ჯარისკაცების ფინანსური მხარდაჭერა გადაწყვიტეს. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდებმა სოფელში კარდაკარ ჩამოიარეს და თანხის შეგროვება დაიწყეს.
„საბაჟოზე შექმნილი პრობლემის გამო, სოფლის მოსახლეობამ, ჯარისკაცების დასახმარებლად, არა პროდუქტების, არამედ თანხის შეგროვება და ანგარიშზე გადარიცხვა გადაწყვიტა. შეხვედრის დასრულებისთანავე, ექვსმა ბიჭმა დაიწყო ფულის შეგროვება. დაახლოებით ორ საათში გვეცოდინება თუ რა თანხა შეგროვდა“ - გვითხრა სოფელ დამალის მკვიდრმა ანდრანიკ კერევკციანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხურმა ფონდმა - "Hayastan All-Armenian fund" არცახის დასახმარებლად კამპანია - „ყველა არცახისთვის“ დაიწყო. 30 სექტემბრის მონაცემებით, ჩარიცხული თანხის ოდენობა 6 მილიონ დოლარს აჭარბებს.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.