შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება
სიტუაცია ღამის განმავლობაში მთელი ფრონტის გასწვრივ დაძაბული იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სომხური არმია აღდერე-აღდამისა და ფიზული-ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმებს ცდილობდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, მტერმა მატერიალური და ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. დაღუპულებს შორის ვიცე-პოლკოვნიკი არტურ გრიგორიანია.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის მიერ მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულების არტილერიის გამოყენებით დაბომბვის შესახებ იუწყება.
გარდა ამისა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათი ძალები ჰადრუტისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადნენ.
„აზერბაიჯანის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ჰადრუტისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმას შეეცადნენ, უსაფუძვლოა,“- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.
წყარო: interpressnews.ge