მთიან ყარაბაღში მესამედ მიღწეული შეთანხმებაც დაირღვა
მიუხედავად იმისა, რომ 26 ოქტომბრის 08.00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიღწეული შეთანხმება კვლავ უხეშად დაარღვიეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და ქალაქ ტარტარისა და რეგიონის სოფლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც და აზერბაიჯანულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს.
„აზერბაიჯანულმა მხარემ, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით დაახლოებით 8:45 საათზე საარტილერიო ცეცხლი გახსნა,“- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ზავი დღეს დილის 8:00 საათიდან ამოქმედდა.