რეგიონი
ვთანამშრომლობთ უკრაინის გენპროკურატურასთან, მათ შორის 2008 წელს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით - ვანო მერაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ჰააგის ტრიბუნალის გამომძიებლები უკრაინაში იმყოფებიან და უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში იმყოფება და აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარებისთვის.
“ახალი ნიუნბერგის პროცესი პუტინის წინააღმდეგ. 2 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, იგივე ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც იძიებს გენოციდის, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, 39 ქვეყნის მიმართვის საფუძველზე, დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება.
ტრიბუნალის გამომძიებლები უკვე იმყოფებიან უკრაინაში და უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ.
ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით.
ჩვენ, მთელ ჩვენს გამოცდილებასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენმა, ასევე დანაშაულებრივი ბრძანების გამცემმა პირებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ ყველა იმ უკანონობისთვის, რაც მათ ჯერ საქართველოსა და შემდგომ უკრაინაში ჩაიდინეს“, - წერს ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქზე“.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :