ნატოს საქციელი რუსეთს აჩვენებს, რომ ძლიერი მხოლოდ სიტყვითაა და არა ქმედებით - დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ნატოს გადაწყვეტილება, არ ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე, პატივისცემას არ იწვევს.
მისი თქმით, ამ ვითარებაში პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ალიანსსაც, მაგრამ იქ ამას ჯერ ვერ აცნობიერებს.
"როდესაც ნატო ისე იქცევა, როგორც ის იქცევა ახლა, რუსეთს ეს მხოლოდ ამხნევებს და აჩვენებს მათ, რომ სინამდვილეში ნატო ძლიერი მხოლოდ სიტყვით არის და არა ქმედებით,"- განაცხადა კულებამ.
ამასთან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ალიანსში არის პოლიტიკური თანხმობა, რომ მოკავშირეები ორმხრივ დონეზე დაეხმარნენ უკრაინას ყველაფრით რითიც შეუძლიათ, მაგრამ ალიანსი როგორც ორგანიზაცია გვერდით გადგა.
"ჩვენ ამაზე გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. უკრაინელებმა მკაფიოდ და გულწრფელად უნდა დაინახონ, რომ ნატო სინამდვილეში ისეთი არ არის როგორიც ის უკრაინელებს წარმოედგინათ, ყოველ შემთხვევაში ახლა. თუ ხვალ ისინი თავის პოზიციას შეცვლიან-ყოჩაღ, მაგრამ ჯერჯერობით მათი პოზიცია პატივისცემას არ იწვევს,"- განაცხადა კულებამ.