რეგიონი
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოყოფის საფრთხეა
უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და არსებობს საფრთხე იმისა, რომ რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფა მოხდეს.
მათივე განმარტებით, დახარჯული ბირთვული საწვავის გაგრილება შეუძლებელია.
ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, Energoatom-ი (უკრაინის ატომური ენერგიის მაგენერირებელი ეროვნული კომპანია) აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც კვებავს ქარხანას, გათიშულია, მას შემდეგ, რაც რუსები ორი კვირის წინ ამ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა BBC-ს, რომ უკრაინას არ აქვს წვდომა სადგურზე მონიტორინგის ინფორმაციაზე და, შესაბამისად, ვერ შეაფასებს, რადიაქტიური ნივთიერებები გამოიყოფა, თუ არა.
მისი თქმით, კვების წყაროს აღდგენა უნდა მოხდეს, მაგრამ დასძინა, რომ არსებობს ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების სპეციალური სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს ქარხანას, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშაოს დიზელის გენერატორების გამოყენებით.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს, რომ ნება დართოს უკრაინულ მხარის დანაყოფებს განაახლონ ელექტრომომარაგება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.
„დაზიანებულია ერთიანი ელექტრო ქსელი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომელიც დაიპყრო რუსეთის არმიამ. ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა ელექტროენერგიის მიწოდება. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და მიეცით საშუალება სარემონტო განყოფილებებს განაახლონ ელექტრომომარაგება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.
ამასთან, კულებას განცხადებით, სათადარიგო დიზელის გენერატორები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს 48 საათის განმავლობაში კვებავს.
"შემდეგ კი დაიხურება ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს შექმნის. რუსეთის ბარბაროსული ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინმა ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს!", - წერს კულება საკუთარ ,,ტვიტერ" გვერდზე.
interpressnews.ge
გააზიარეთ :