ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე ოსი მაღალჩინოსნების დაკავების ორდერი გასცა
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერები გასცა.
პროკურორ კარიმ ხანის განცხადებით, დაკავების ორდერები გაიცა შემდეგ პირებზე:
გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
გამლეტ გუჩმაზოვი, აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
დავით სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.
პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ პირებს ბრალი ედებათ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა უკანონო პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პირადი ღირსების შელახვა, ადამიანთა მძევლად აყვანა და უკანონო გადაყვანა.
პროკურორის თქმით, გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო დანაშაული, რომელიც აგვისტოს ომის დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე იყო. მისივე ინფორმაციით, ბორისოვი გარდაცვლილია.
პროკურორის თანახმად, ბორისოვმა „განზრახ წვლილი შეიტანა ზოგიერთი ამ დანაშაულის აღსრულებაში“.
ამასთან, პროკურორმა პარალელი გაავლო უკრაინასთან და აღნიშნა, რომ მათმა ოფისმა უკრაინაში არსებული სიტუაციის წინასწარი შემოწმების დროს მსგავსი ქმედებების ნიმუშები გამოავლინა.
„მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო დანაშაულების შესახებ მიმდინარე ბრალდებებით, რომლებიც ხდება დღეს უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე“, – განაცხადა პროკურორმა.