რეგიონი
უკრაინაში განადგურებულია 651 და დაზიანებულია 3 780-მდე საცხოვრებელი შენობა
უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 651 საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, 3 780-მდე კი - ნაწილობრივ დაზიანდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.
„დაზიანებული შენობების რაოდენობაზე უკვე არსებობს ანალიტიკა. 3780-მდე საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა, 651 კი - მთლიანად განადგურდა“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, რომან პრიმუშმა.
მისივე თქმით, ეს სტატისტიკა ასახავს მხოლოდ იმ ობიექტებს, სადაც მაშველებს შეუძლიათ შეაფასონ ზარალი მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გარეშე და ეს არ ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამიტომ, განადგურების მასშტაბები გაცილებით დიდია.
ამასთან, რომან პრიმუშმა ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური უკვე ამუშავებს გეგმებს ქვეყანაში დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით.
„ჩვენ უკვე ვაგროვებთ ძალებს ქვეყნის მომავალი რეკონსტრუქციისთვის“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :