რეგიონი
"პუტინი და ლავროვი უფრო მეტად გვძაბავენ, რომ აქ გავლენები ჰქონდეთ" - სომხეთში აქციები განახლდა
სომხეთში ანტისახელისუფლებო აქციები ისევ განახლდა. "მოძრაობა წინააღმდეგობის" მიერ ორგანიზებული აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა, სადაც აქტივისტებმა ფაშინიანი არაეფექტურ მმართველობასა და "ორმაგ სტანდარტებში" დაადანაშაულეს.
kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, აქციის ორგანიზატორების უკმაყოფილების მიზეზი ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) მუშაობაც იყო. მათ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. მათივე მოსაზრებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლებამ არაეფექტურად იმუშავა, მას ქვეყნის ინტერესების დაცვა არ შეუძლია და უნდა წავიდეს.
სომხეთის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო მოსკოვში ОДКБ-ს საიუბილეო სამიტზე, რომელიც მაისში გაიმართა, ორგანიზაცია გააკრიტიკა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმაც, რომლის თქმითაც, ორგანიზაციამ ისე ვერ იმოქმედა, როგორც სომხეთი ელოდა.
ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა, რომ ОДКБ-ს წევრმა ქვეყნებმა აზერბაიჯანს ის იარაღი მიყიდეს, რომელიც ყარაბაღის ომში, სწორედ სომეხი ერის წინააღმდეგ გამოიყენეს. თუმცა, მან ბოლოში აღნიშნა, რომ "რუსეთის ფედერაციას და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მთიან ყარაბაღში ომის შესაწყვეტად განსაკუთრებულ როლი აქვს შეტანილი".
ფაშინიანის განცხადებამ ადგილობრივ მოსახლეობაში აგრესია გამოიწვია. მათი თქმით, გასაგებია, რომ ფაშინიანი ბევრ რამეს უწევს ანგარიშს, მით უფრო, ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინასთან ომშია ჩართული. მაგრამ სიმართლის თქმას, მით უფრო, მაშინ, როდესაც სომხეთმა რუსეთის დამსახურებით წააგო და ტერიტორიებს ყოველდღე კარგავს, აზრი არ აქვს.
,,დღეს სომხეთში ძალიან ცოტა ხალხი ამბობდა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება, პუტინი, ლავროვი და შოიგუ არიან მატყუარები და ცივსისხლიანი მკვლელები, რომელთაც მხოლოდ ერთი რამ ადარდებთ, არ დაკარგოს სამხრეთ კავკასია და რაც უფრო მეტად დაძაბავენ აქ სიტუაციას, უფრო მეტი შანსი აქვთ, გავლენები შეინარჩუნონ ხანგრძლივად და მყარად...
თუ ფაშინიანს ვთხოვთ სიმართლე თქვას, ჩვენც ვთქვათ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა, რომ ჩვენი მმართველობა ხალხის პოზიციას გამოხატავდეს, მაგრამ აქ ვიღაცები პრორუსული ოპოზიციის მხარეს არიან და ფაშიანიანის გვერდით დგომა ეუხერხულებათ. მე ყველაზე მეტად ვაკრიტიკებ ნიკოლს, მაგრამ არის ერთი რაღაც - ის არც ქურდია და არც სისხლისმსმელი, ეს არის მასსა და ჩვენს ოპოზიციას შორის განსხვავება. ამიტომ მე მას ვუჭერ მხარს, რადგან ჯერ ალტერნატივა არ ჩანს", - წერს სამოქალაქო აქტივისტი გორ არმათუნი სოციალურ ქსელში.
"მე ვთქვი, რომ პუტინი მკვლელია და უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან, ერთხელ და სამუდამოდ, არ ვიცი რის ფასად, მაგრამ რუსეთმა სომხეთი უნდა დატოვოს, სანამ ცოცხალი ვარ, იმედია ამას მოვესწრები, რომ ვასალებივით არ გვექცეოდნენ. გთხოვთ, გაიაზროთ, რომ ოპოზიციას არც ხალხის ბედი აღელვებს და არც ქვეყნის, მათ მხოლოდ ერთი რამ სურთ, ბიზნესმენებს მართავდნენ, რუსებთან ერთად კორუფციაში იყვნენ ჩაფლული და შვილებს ევროპაში ასწავლონ, ეს არის სიმართლე!" - წერს კიდევ ერთი მათგანი ნანე არსენიანი.
,,იმ აქციაზე, რომელიც "წინააღმდეგობის" მიერ იყო ორგანიზებული, სხვა ჯგუფიც იყო, რომელიც სომხეთში პუტინის რუსეთის ყოფნას აპროტესტებდა. მე არ მრცხვენია იმის თქმის, რომ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მე ასევე წინააღმდეგი ვარ სერჟ სარგსიანის და რობერტ ქოჩარიანის, ეს ორი არის ქვეყნის კოროზია, ფაშინიანი კი, სუსტი მმართველი, რომელიც ასევე სუსტი კადრებით, დიდი რუსეთის, მისი სომხური საცეცების წინააღმდეგ წასვლას, მათგან გათავისუფლებას ცდილობს, მაგრამ კადრებიც არ ჰყავს და რეფორმებსაც ვერ ატარებს. პუტინი და ლავროვი ჩემი ქვეყნის კიდევ უფრო დანგრევას ცდილობენ, ეს გასაგებია, მაგრამ რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რით უშლის ხელს მათ გეგმებს, ამას ვერ ვხედავ, ამიტომ გავედი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე", - წერს ადგილობრივი ევგენი ავეტისიანი.
გააზიარეთ :