რუსეთის ქალაქებში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ ვრცელდება ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან.
ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები.
ტომსკში ასევე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომელთაც ხელში პლაკატები ეკავათ წარწერით: "არა მობილიზაციას".
ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმი გამოვიდა.
ერთ-ერთი მედიასაშუალების ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში სხვადასხვა ანტისაომარ აქციაზე, დაახლოებით, 16 500 ადამიანია დაკავებული.
მოსკოვის პროკურატურის განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეებს თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებულ საჯარო ვიდეომიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. დადგენილება სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად დამატებით ზომებს ითვალისწინებს.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.
"ინტერპრესნიუსი"