10-წლიანი პატიმრობა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში - პუტინის ახალი კანონი
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე.
ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევისას სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, იგივე სასჯელია გათვალისწინებული საომარი მოქმედებების დროს ხელქვეითის მიერ უფროსის ბრძანების შეუსრულებლობისთვის.
კანონის თანახმად, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში მყოფი უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.