დღეს დილიდან აფეთქებებია კიევსა და ლვოვში
ლვოვში, რუსების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმების გამო, მობილური კავშირი შეფერხებულია, - ამის შესახებ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვი იუწყება.
მისი თქმით, ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება.
„ონლაინ გაკვეთილი განგაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა მერმა.
ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ამასთან, მიკოლაივის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქზე სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები. სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროსა და ტერნოპილში.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებსეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებას ცდილობს.
„ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას და ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა. ანადგურებენ ჩვენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ, კლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში. უკრაინაში განგაშის სიგნალი არ ცხრება. რაკეტებით თავდასხმა ხდება. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე“, - აცხადებს ზელენსკი.