ხარკოვში აფეთქებების სერიაა - უკრაინული მედია
რუსულმა ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ხარკოვში აფეთქებების სერიაა“, - აღნიშნა მერმა და ქალაქის მცხოვრებლებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.
ინფორმაცია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმაც დაადასტურა და მოსახლეობას თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.
ევროპელებს ევროსაბჭოს სხდომაზე ვაცნობე მორიგი ტერაქტის შესახებ, რომელსაც რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ამზადებს. ჩვენი ინფორმაციით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს რუსული ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.
"თუ რუსმა ტერორისტებმა ააფეთქეს ეს კაშხალი, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება. შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი დაზარალდეს. სამხრეთ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის წყალმომარაგება შეიძლება განადგურდეს. ახლა მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს ძლიერად და სწრაფად, ახალი რუსული ტერორისტული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. კაშხლის განადგურება მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კახოვკას ჰესზე ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია.
„ახლა ჩვენ ყველამ ერთად - ყველა ევროპელმა, მსოფლიოს ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ - უნდა ავუხსნათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ზუსტად იგივეს ნიშნავს, რასაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. შედეგები რუსეთისთვის შესაბამისი უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.