რეგიონი
რუსეთის ნასროლი ორი რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა, არის მსხვერპლი - მედია
ნატოს წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დანიშნა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ქართული სამსახური წერს.
მანამდე პოლონეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე პოლონეთის რაიონში, სოფელ პშევოდუვში, რუსეთის მიერ ნასროლი ორი რაკეტა ჩამოვარდა. მედიის ცნობებით დაიღუპა ორი ადამიანი.
როგორც Radio Zet-ის კორესპონდენი არაოფიციალურად იტყობინებოდა, სოფელ პშევოდუვში ორი რაკეტა მოხვდა მარცვლეულის საშრობს. არის ცნობა, რომ დაიღუპა ორი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ პოლიციის, პროკურატურისა და არმიის წარმომადგენლები, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
ამავე დროს Radio Lublin-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პშევოდუვში ინციდენტი მოხდა სატვირთო სასწორზე, რომელზეც დატვირთულ ტრაქტორებს წონიან. გამოცემის თანახმად, იქ უცებ აფეთქდა ტრაქტორი, რომელიც სასწორზე იდგა. Radio Lublin-იც ორი დაღუპულის შესახებ იტყობინება.
რაკეტების შესახებ ინფორმაცია ტვიტერში დაადასტურა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა, რომელმაც ვარშავას სამძიმარი გამოუცხადა.
„აღარ არის ‘წითელი ხაზები’, აღარ არის შეზღუდვები უკრაინის იარაღით მომარაგებაზე. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე,“ - დაწერა ტვიტერში ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიევიჩუსმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთს.
„ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის ნებისმიერი გოჯი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს,“ - წერს სამინისტრო ტვიტერში.
15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაზე განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა. უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა დაახლოებით 100 რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით. ამასთან, რაკეტები ესროლეს ლვოვის რაიონსაც, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.
გააზიარეთ :