უკრაინული მხარე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებს
დღეს დილით, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, ამჯერად კიევის მიმართულებით ირანული Shahed-ის „კამიკაძე-დრონებით“ დრონები გაუშვეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა, დედაქალაქთან მიახლოებისას ყველა მათგანი გაანადგურეს.
გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა ტაქტიკური ინიციატივა მოიპოვეს და ბახმუტში მნიშვნელოვან, ტაქტიკურ წინსვლას მიაღწიეს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, ლოკალურ კონტრშეტევებს, უკრაინული მხარე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებს, მასშტაბური კი ჯერ არ დაუწყია.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის ხაზები რამდენიმე მიმართულებით გაარღვიეს - სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ივანოვსკიდან და ჩრდილო-დასავლეთით კლეშეევკიდან. ამავე ცნობებით, რუსულმა ძალებმა საკკოში და ვანცეტში უკან დაიხიეს და პოზიციები დათმეს, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები სოფლებში ჯერ არ შესულან.