„ვაგნერს“ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აქვს აყვანილი - ევგენი პრიგოჟინი
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, კომპანიას დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი, კერძოდ აეროდრომი.
ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, დაკავებულია შტაბის შენობა.
ამასთან, პრიგოჟინთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ალექსეევთან „აწარმოებს მოლაპარაკებებს“ და აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოაგდო.
„როსტოვში გენშტაბის უფროსის და შოიგუს მისაღებად მოვედით. სანამ ისინი აქ არ ჩამოვლენ, ჩვენ გავაგრძელებთ ქალაქის ბლოკირებას და წავალთ მოსკოვზე”, - აცხადებს პრიგოჟინი.
ცნობისთვის, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” ავრცელებდა ინფორმაციას, რომ როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან სამხედრო ბკოლპოსტები აღმართეს. გამოცემის ცნობით, ბლოკპოსტებზე სამხედრო მოსამსახურეები და სამართლამდამცავი ორგანოების თანამშრომლები დგანან. შტაბთან მიმდებარე ქუჩებზე სამხედროების პოსტებია აღმართული, პოლიციის მანქანები და ჯავშანტექნიკა დგას. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, როსტოვის დასავლეთ ნაწილში ავიაციის ხმა ისმოდა.