შესაძლოა რუსული სისხლი დაიღვაროს, ამიტომ ვუბრუნდებით დისლოკაციის ადგილებს - პრიგოჟინი
„ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე", - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა. გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
"ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ბოლო გავრცელებული მიმართვის თანახმად, "ვაგნერმა" გზის გაგრძელებაზე უარი თქვა და დისლოკაციის ადგილს უბრუნდება. პრიგოჟინის განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ "რუსული სისხლის" დაღვრის საფრთხე უკვე აშკარა იყო.
,,ჩვენ 200 კილომეტრი გვაშორებდა მოსკოვს. ახლა დგება მომენტი, როცა შეიძლება სისხლი დაიღვაროს. სწორედ ამიტომ, ვიაზრებთ რა პასუხისმგებლობას რომ, შესაძლოა, რუსული სისხლი დაიღვაროს, ჩვენ ვუბრუნდებით დისლოკაციის ადგილებს," - განაცხადა პრიგოჟინმა.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თხოვნით, ბელორუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჰქონდა მოლაპარაკებები "ვაგნერის" ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინათან, რის შედეგადაც პრიგოჟინი დათანხმდა, შეაჩეროს გადაადგილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. სანაცვლოდ კი მის მებრძოლებს უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდა.
მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. "ვაგნერის" ტელეგრამ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის მიმართულებით მოძრაობა შეჩერდა.
პრიგოჟინი გასული წლიდან მოყოლებული, საჯაროდ აკრიტიკებს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და რუსული არმიის სხვა მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს უკრაინაში "ვაგნერის" ძალების არაადეკვატური მხარდაჭერისა და მათთვის საბრძოლო მასალის დაგვიანებაში.
თუმცა, ოთხშაბათს პრიგოჟინმა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, მოიძებნება "კომპრომისული გამოსავალი" პუტინსა და პარლამენტს შორის, რათა "ვაგნერის" მებრძოლებს მიეცეთ სოციალური გარანტიები და ქვეყნისთვის მებრძოლის სტატუსი.