მსოფლიო ლიდერებმა ჰამასი უნდა დაგმონ და არა ისრაელი - ნეთანიაჰუ
ისრაელის მთავრობამ 7 ოქტომბერს ჰამასის დარბევისას დაღუპული ადამიანების რაოდენობა დააზუსტა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია დაახლოებით 1 200 ადამიანი.
ბოლო ცნობებით კი, ისრაელის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიში მიიტანა 5 ჯარისკაცის დაჭრის საპასუხოდ. დარტყმის სამიზნე იყო "ჰეზბოლას" შენობა და საბრძოლო პოზიციები, იარაღის საცავი და დაზვერვის ინფრასტრუქტურა.
ისრაელის არმიის 5 ჯარისკაცი ლიბანის საზღვარზე 10 ნოემბერს დაიჭრა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში ისრაელს მოუწოდა, ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბა შეწყვიტოს. მისი თქმით, ქალები, ბავშვები და მოხუცები იბომბებიან, რასაც საფუძველი და ლეგიტიმაცია არ აქვს.
მან აქვე დაგმო ჰამასის ტერორისტული ქმედებები, თუმცა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებში მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ჩაერთვებიან.
ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიო ლიდერებმა ისრაელის ნაცვლად, ჰამასი უნდა დაგმონ. მისი თქმით, ისრაელი ცდილობდა, მშვიდობიანი მოქალაქეები კონფლიქტისგან გაერიდებინა, მაშინ, როცა ჰამასი მათ "ცოცხალ ფარად" იყენებდა.
"დანაშაულებს, რასაც ჰამასი-ISIS დღეს ღაზაში სჩადის, ხვალ ჩაიდენს პარიზში, ნიუ-იორკში და მთელი მსოფლიოს გარშემო", - განაცხადა მან.