უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, დახმარება ძალიან დავაგვიანეთ - აშშ
უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. უკრაინის ჯარებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები მამაცურად ბრძოლას განაგრძობენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ ჯავშანტექნიკა, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ უწევთ მისი ეკონომიურად გამოყენება, რადგან შეერთებული შტატების კონგრესმა ვერ იმოქმედა.
„ველით, რომ უკრაინული ძალები გააგრძელებენ მამაცურად ბრძოლას და მიაღწევენ წარმატებას, როგორც ეს, ყველაზე შესამჩნევად, შავ ზღვაში გააკეთეს. მაგრამ მათთვის ბევრად უფრო რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონგრესს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, ჩაატაროს კენჭისყრა და დაამტკიცოს დახმარება უკრაინის არმიისთვის, რომელსაც ეს ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
უკრაინაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიც საუბრობს. მისი თქმით, შეუძლებელია „დროის შტამპის“ დადება და იმის თქმა, რომ გარკვეულ დღეს უკრაინამ შეიძლება ომი წააგოს, მაგრამ მისმა არმიამ დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა რუსეთის შეჭრის გამო.
,,არ დავიწყებ სპეკულირებას, რომ შეიძლება გვიანი იყოს. ჩვენ უკვე, გარკვეულწილად, ძალიან დავაგვიანეთ. მათ დაკარგეს ქალაქი ავდიივკა - ფაქტობრივად, საბრძოლო მასალის გამო. ასე რომ, გარკვეული აზრით, ეს უკვე დრამატულ გავლენას ახდენს ბრძოლის ველზე", - აღნიშნა კირბიმ.