სომხეთის წინააღმდეგ ომის მომზადებაში ОДКБ-ს სულ მცირე ორი ქვეყანა მონაწილეობდა - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ОДКБ-ს მინიმუმ ორი წევრი ქვეყანა მონაწილეობდა სომხეთის წინააღმდეგ 44-დღიანი ომის მომზადების პროცესში.
"არმენპრესის" ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში სამთავრობო საათზე განაცხადა, სადაც შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პროაზერბაიჯანულ განცხადებას, რომელიც მან შუშაში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას გააკეთა.
"ვიცი ОДКБ-ს წევრი მინიმუმ ორი ქვეყანა, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ომის მომზადებაში. ამ ქვეყნებმა, ბუნებრივია, შექმნეს იმიტაცია, რომ უნდოდათ ჩვენი დახმარება, ან თითქოს უკვე გვეხმარებოდნენ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ომი მთიანი ყარაბაღის გამო კი არ დაწყებულა, რადგან საგამოძიებო კომისიაში ვაჩვენე, რომ მათ დიდი ხანია დახურეს მთიანი ყარაბაღის საკითხი თავისთვის. ამ ომის მიზანი იყო სომხეთის რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა" – აღნიშნა ფაშინიანმა და სიხარული გამოხატა, რომ მან მიაღწია ბელარუსის პრეზიდენტისგან ამის საჯაროდ აღიარებას.
"ეს მცდელობები გაგრძელდება: ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ამაზე საჯაროდ უნდა ისაუბრონ" – დასძინა სომხეთის პრემიერმა და გაიხსენა 2022 წელს ეროვნული ასამბლეის ტრიბუნიდან გამოთქმული საკუთარი აზრი, რომ თუ შესაძლებელი იქნება სომხეთის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება მომდევნო 1-2 წელიწადის მანძილზე, მაშინ მისი არსებობა გარანტირებული იქნება მომდევნო 50-100 წლის განმავლობაში.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის სახელმწიფოებრიობაზე თავდასხმის მცდელობები წარუმატებლად დასრულდა 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, ისევე როგორც 2021 წლის მაისში, როდესაც დაიშალა ეროვნული ასამბლეა და მთავრობა. მისი განცხადებით, მსგავსი მცდელობები ჩაიშალა 2022 წლის სექტემბერსა და 2023 წლის სექტემბერშიც.