რუსეთში კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონის ევაკუაცია მიმდინარეობს
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა უკრაინის მოსაზღვრე გლუშკოვსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა.
თავდაპირველად, ევაკუაციას ექვემდებარებოდნენ გლუშკოვოს დასახლების მაცხოვრებლები, ორი საათის შემდეგ კი გადაწყვეტილება მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.
სმირნოვის ინფორაციით, რაიონიდან გამგზავრების პროცესს კოორდინაციას უწევენ სამართალდამცავი უწყებები, სამხედრო პერსონალი, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის პატრიოტთა ცენტრის წევრები.
„ძვირფასო თანამემამულეებო, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას და შეასრულოთ უსაფრთხოების ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია“, - წერს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი „ტელეგრამ“ არხზე.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფებმა 14 აგვისტოს ღამით რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ოთხ აეროდრომს შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე : „ხალინო“, „სავასლეიკა“, „ბორისოგლებსკი“ და „ბალტიმორი“. „აღნიშნულ აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენი, „სუ-35“ გამანადგურებელი და მტრის სხვა სამხედრო თვითმფრინავები“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათი განმარტებით, მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და საავიაციო იარაღი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლები თავიანთ სახლებს ტოვებენ. მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის, კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში. გარდა ამისა, მეზობელი ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებლებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ტერიტორია. კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ოლქში 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ. ალექსანდრ სირსკის განმარტებით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარებმა, საერთო ჯამში, წინ 35 კილომეტრით წაიწიეს და რუსეთის ტერიტორიის 1 150 კვადრატულ კილომეტრს და 82 დასახლებას აკონტროლებენ.