რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს
რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პოზიციებიდან ჯარების ნაწილი კურსკის ოლქის მიმართულებით გადაჰყავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი გადამისამართებულია კურსკის ოლქში. დარწმუნებით ვერ გეტყვით რამდენია, რამდენი შეიძლება იყოს, ან რა განზრახვები ექნებათ, მაგრამ დავიწყეთ დაკვირვება, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი კურსკის ოლქში გადამისამართდება “, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციამ ვლადიმერ პუტინი დილემის წინაშე დააყენა.
„პუტინს და რუსებს კორექტირება მოუწიათ. ჩვენ ვხედავთ ნიშანს, რომ ისინი ცდილობენ გამაგრებას კურსკსა და მის გარშემო, იქ უკრაინის ოპერაციის შედეგად. ამისათვის უნდა აიღო აქტივები, რომლებიც ერთ ადგილას იყვნენ და აკეთებდნენ ერთ საქმეს და სხვაზე გადაამისამართო. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად დილემაა“, - აღნიშნა კირბიმ.
უკრაინამ რუსეთში, კონტროლირებად ტერიტორიაზე, პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნა, - ამის შესახებ უკრაინის მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
უკრაინული არმია კურსკის ოლქში 82 დასახლებულ პუნქტსა და 1 150 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს.
BBC-ის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმია ბრიტანული "ჩელენჯერ 2-ის" ტიპის ტანკებს იყენებს. მას შემდეგ, რაც კურსკის ოლქში უკრაინის ძალებმა ასობით რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს, რუსეთის ინიციატივით, მხარეებს შორის ტყვეების გაცვლის მოლაპარაკება მიმდინარეობს.