რეგიონი
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალისტებმაც მიმართეს
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალისტებმაც მიმართეს. სარჩელი დამოუკიდებელმა საგამოძიებო მედიებმა ,,მთის ამბებმა" და სტუდია ,,მონიტორმა" მიმართეს.
„მთის ამბები / საქართველოს ამბების“ დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, სარჩელი რუსული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის 3 მუხლს: დისკრიმინაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და გაერთიანების თავისუფლებას შეეხება.
„სარჩელით რუსულ კანონს სადავოდ ვხდით საქართველოს კონსტიტუციის მე-11, მე-17 და 22-ე მუხლებთან მიმართებით. ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვითხოვთ რუსული კანონის მთელი რიგი მუხლების შეჩერებას.
სარჩელში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმ ეგზისტენციალურ საფრთხეებს, რასაც რუსული კანონი უქმნის გამომძიებელ ჟურნალისტებსა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას,“ - წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
„სტუდია მონიტორის“ რედაქტორის, ნინო ზურიაშვილის თქმით, რუსული კანონი გამოხატვის თავისუფლებას ებრძვის და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრიმინაციას ახდენს, ვინც კრიტიკულ კონტენტს ქმნის და ხელისუფლებისგან თავისუფალია.
„დიდი მოლოდინი არ გვაქვს. მგონია, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლო მაინც სისტემის ნაწილია. თუნდაც დავის მოგების შანსი 0.001% იყოს, არ გვაქვს უფლება არ გამოვიყენოთ. ამ კანონის უკან იმხელა უფსკრულია არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რომ ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა ზურიაშვილმა.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ოთხი სარჩელი შევიდა.
საქართელოში რუსული კანონის შესახებ X პლატფორმის პირად გვერდზე წერს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი.
მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს“.
„გული მწყდება, რომ საქართველოს „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება. საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს", - წერს კარდინი.
გააზიარეთ :