დრონებით შეტევის შედეგად ხანძარია რუსეთის ვორონეჟის ოლქში
მასშტაბური ხანძარია რუსეთის ვორონეჟის ოლქის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია რამდენიმე უკრაინული დრონის „ჩამოვარდნამ“.
პირველი ცნობა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის და ნავთობის ბაზაზე ხანძრის შესახებ გუსევის ტელეგრამ-არხზე 16 იანვარს, შუაღამის შემდეგ გამოქვეყნდა.
დილით გუბერნატორმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ღამის განმავლობაში ვორონეჟის ოლქის სამ რაიონს შეუტიეს 10-ზე მეტი დრონით, რომელთა „უდიდესი ნაწილი მოდის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ვორონეჟის ოლქში „გაანადგურეს" 7 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
რეგიონის გუბერნატორი გუსევი ხანძრის მასშტაბს არ აკონკრეტებს, თუმცა მის მიერ ზოგადად ჩამოთვლილი ტექნიკის რაოდენობაც კი იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ნავთობის საცავში სერიოზული ხანძარია. გუბერნატორის თანახმად, „რამდენიმე რეზერვუარში“ ცეცხლს ებრძვიან მეხანძრეების „გაძლიერებული“ რაზმები ათეულობით ტექნიკით, ორი სახანძრო მატარებლით და დამატებითი ძალებია გაგზავნილი მეზობელი რეგიონებიდან.
გუსევის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, წინასწარი მონაცემებით, მოქალაქეების ქონება არ დაზიანებულა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, ხანძრის გამო ლისკის რაიონში ხუთი კილომეტრის მანძილზე გადაკეტილია საავტომობილო გზა.
ვორონეჟის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ბაზებს და სამხედრო ობიექტებს.