ადიგენში მანქანა ხევში გადავარდა - არის მსხვერპლი
უბედური შემთხვევა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხულო-ზარზმას დამაკავშირებელ გზაზე. ავტომობილი, რომელიც გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
"ადიგენის თავზე, სოფელ უტყისუბნის ტერიტორიაზე, ხევში გადავარდნენ. როგორც გავიგე ადგილობრივები არიან, სოფელ ლელოვნის მაცხოვრებლები", - გვითხრეს ადიგენში.
დაშვებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკაში ამბობენ, რომ ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"ახლა მიმდინარეობს კვლევები. ერთი მძიმეა, ორი შედარებით მსუბუქი. თბილისში გადაყვანაზე ჯერ არ ვფიქრობთ ჯერ კვლევები უნდა ჩატარდეს. რა სახის ტრავმები აქვთ, კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი", - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა ბესო ბურჯალიანმა.
რომელი მუხლით იძიებს შსს მომხდარს - უწყებისგან ინფორმაციას ჯერ კიდევ ველით.