„ვლადიკავკაზიდან რუსები ფეხითაც კი მოდიან“ - რას ჰყვებიან მძღოლები დიდუბის სადგურზე
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ვლადიკავკაზიდან თბილისის მიმართულებით ტაქსებზე მოთხოვნა გაიზარდა და ფასიც გაორმაგდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ დიდუბის ავტოვაგზლზე ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით მოძრავმა მძღოლებმა ისაუბრეს.
მობილიზაციის გამოცხადებამდე 1 დღით ადრე ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლებიც ამკაცრებენ სასჯელს დეზერტირობაზე, დაუმორჩილებლობასა და ბრძოლაზე უარის თქმაზე, ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებასა თუ მაროდიორობაზე.
ციხე ან ომი - გაწვეულების არჩევანი ახლა ასეთია. თუმცა, არსებობს მესამე გზაც და ეს გზა ქვეყნიდან გაქცევაა. Reuters-ის ცნობით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვიდან პირდაპირ ფრენებზე სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით Aviasales.ru-ს საიტზე ბილეთები სრულად გაიყიდა. ამ ორივე მიმართულებით რუსეთის მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ.
გამორბიან საქართველოშიც ვლადიკავკაზიდან. დიდუბის ავტოსადგურზე ჩამომდგარი ტაქსისტები, რომლებიც თბილისს ჩრდილოეთ ოსეთიდან გუშინ საღამოს დაუბრუნდნენ, ამბობენ, რომ მობილიზაციამ მგზავრთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა.
„გუშინ ჩამოვედი და ბევრად მეტი მგზავრი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ დროსაა ხოლმე. დღეს კიდევ უფრო მეტიაო, ამბობენ და ხვალ-ზეგ კიდევ მოიმატებს ალბათ. ძირითადად, ქალები და ბავშვები მოდიან, კაცებს მალე აღარ გამოუშვებენ, ძალიანაც რომ უნდოდეთ.
სულ რუსულ-ნომრიანი მანქანები მოდის აქეთ, დარიალის გარდა მეტი გადმოსასვლელი მაგათ არ აქვთ და მოაწყდნენ, ფეხითაც კი მოდიან, ჩემმა მეგობარმა დამირეკა და 7 საათია „ტამოჟნიაზე“ ვდგავარო. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, გადმოსვლასაც გაამკაცრებენ“, - ეუბნება ერთ-ერთი მძღოლი „ბიზნესპრესნიუსს“.
დილის დიდუბის სადგურზე ვლადიკავკაზისკენ წასვლის მსურველი თითქმის არაა და მანქანებიც ცარიელია. როგორც მძღოლები ამბობენ, წასვლის სურვილი მხოლოდ ქალებს თუ აქვთ.
წამომსვლელებისთვის მგზავრობის ფასიც იმატებს და ახლა მათ გაორმაგებული საფასურის გადახდა უწევთ, თუმცა, ტაქსისტების თქმით, საქართველოში შემოსასვლელად მეტის გადახდაზეც თანახმა არიან.
„ფასებმაც მოიმატა იქიდან წამომსვლელებზე - თუ ღირდა 3000 რუბლი (დაახლოებით 142 ლარი), ახლა 7000-8000 ღირს (დაახლოებით 330-380 ლარი), თუმცა, ოღონდ გადმოვიდნენ და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ახლა დამირეკა ერთმა კაცმა, ოღონდ ჩემი შვილიშვილი წაიყვანე და რასაც გინდა გადავიხდიო“, - ტაქსის კიდევ ერთი მძღოლე.
ცნობისთვის, ამ სამხედრო გაწვევას რუსეთში მხოლოდ რეზერვისტები და ჯარში ნამსახურები მოქალაქეები ექვემდებარებიან. სამობილიზაციო ღონისძიებებს, რომელიც გაწვევის გამოცხადებისთანავე დაიწყო, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. მომიტინგეები, რომელთა დიდი ნაწილი დაარბიეს და დააკავეს, გამოდიოდნენ მობილიზაციის წინააღმდეგ ლოზუნგით, რომ არ შეხებოდნენ მათ ქმრებს, ძმებსა თუ შვილებს.