როგორ მოქმედებს მარხვა ჯანმრთელობაზე
მარხვა არის გარკვეული დღეების ან დროის პერიოდში ზოგიერთი საკვებისგან სრულად ან ნაწილობრივ თავშეკავება, რაც ბევრ რელიგიაში გავრცელებული პრაქტიკაა. მარხვის პერიოდში, ზოგადად, ურჩევენ თავი შეიკავონ ხორცის, თევზის, კვერცხის, რძის და რძის პროდუქტების მიღებისგან. თესალიის უნივერსიტეტის პროფესორი, ათანასიოს ციამურტასი ამბობს, რომ ბერძნული მართლმადიდებლური მარხვის ეფექტზე ჩატარებული კვლევები საკმაოდ მწირია, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია მაინც არსებობს.
არსებული მონაცემების თანახმად, აღდგომის წინა 48-დღიანი მარხვა იწვევს წონის კლებას და სისხლის შრატში ლიპიდების დონის გაუმჯობესებას, კერძოდ - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინი“) დონის შემცირებას და ანტიოქსიდანტური შესაძლებლობების გაზრდას.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ბერძენ მართლმადიდებელ ბერებში ლიპიდების დონე უფრო უკეთესი იყო მარხვის კვირის განმავლობაში (ბზობის კვირიდან აღდგომის კვირამდე), ვიდრე ჩვეულებრივი კვების კვირის დროს (სულთმოფენობის კვირის შემდეგ).
გარდა ამისა, მარხვამ გამოიწვია უზმოზე გლუკოზის, საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის შემცირება 5 მგ/დლ-ით (მილიგრამი/დეცილიტრზე), 23 მგ/დლ-ით და 12 მგ/დლ-ით, შესაბამისად. საკვები ცილებისა და ნაჯერი ცხიმების მიღება შემცირდა 19%-ით, ხოლო ნახშირწყლების მოხმარება გაიზარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მარხვა დასრულდა, სხეულის კომპოზიციის, უზმოზე გლუკოზის, საერთო ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ცვლილებები მარხვამდელ დონეს მალევე დაუბრუნდა.
გარდა ამისა, მარხვის შემდეგ დაფიქსირებული ცილების შემცირებული მოხმარება, შესაძლოა, დადებითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ვინაიდან მარხვა მცენარეულ კვებაზეა დაფუძნებული, შესაძლებელია, რომ ბოსტნეულსა და ხილში არსებულმა საკვებმა ნივთიერებებმა, მათ შორის ანტიოქსიდანტებმა და ფიტოქიმიურმა ნივთიერებებმა, ასევე დადებითი გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარხვის კარდიომეტაბოლური სარგებელი მარხვის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ ქრება. „შესაბამისად, რეკომენდებულია, რომ ადამიანებმა სხვა დროსაც შეინარჩუნონ მცენარეული კვების რაციონი, რადგან კვლევების მიხედვით, ამას შეუძლია გააუმჯობესოს ისეთი კარდიომეტაბოლური მარკერები, როგორიცაა სხეულის წონა და ენდოთელური ფუნქცია“, -დასძენს პროფესორი ციამურტასი.
წყარო: ბერძნული მედია