მიწის სისტემური რეგისტრაცია 2026 წლამდე გაგრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2026 წლამდე გაგრძელდება. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, პროექტის ფარგლებში, უკვე აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და მილიონზე მეტი ადამიანი უფასოდ გახდა მესაკუთრე.
აღნიშნულ განკარგულებაში, არსებობს ჩანაწერი, „თვითნებურად დაკავებული მიწები“, რომელიც იურისტის განმარტებით, ახალი არ არის, თუმცა გარკვეული ლავირების შესაძლებლობას იძლევა. როგორც "OK & CG"-ს დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი bpn.ge-სთან აღნიშნავს, დიდია ალბათობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა ხელი მოითბონ და ერთმანეთს დაუდასტურონ სახელმწიფო მიწებზე მფლობელობა, შესაბამისად, მესაკუთრები არაკეთილსინდისიერად გახდნენ.
„ზოგადად, ეს პროექტი, ქვეყანაში ყველა მიწის ნაკვეთი რომ დაკანონებული იყოს, თავისთავად ძალიან კარგია. აუცილებელია, რომ კერძო საკუთრება დროულად მოექცეს სარეგისტრაციო ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო საკუთრებები, რომელიც არის არქივში დაცული და მესაკუთრეებს არ აქვთ შესაძლებლობა დაარეგისტრირონ, თუნდაც იმის გამო, რომ არ აქვთ საამისო სახსრები, პროექტის ფარგლებში ეს ხდება ფასის გარეშე.
რაც შეეხება თვითნებურად მიწის დაკავებასთან დაკავშირებით ჩანაწერს, ბუნებრივია, იძლევა ლავირების შესაძლებლობას. თუმცა, ეს ჩანაწერი ადრეც იყო. არის გაწერილი პერიოდები, რა პერიოდის განმავლობაშიც უნდა იყოს მიწა თვითნებურად დაკავებული, რომ შეძლოთ დარეგისტრირება და ასევე, უნდა არსებობდნენ ადამიანები, ვინც დაადასტურებდნენ ამას. თუმცა, ახლა ამ უფლების მასიური გამოყენება მოხდა ბევრგან, მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია, ამ ჩანაწერის ბოროტად გამოყენების ფაქტები რამდენად ხშირია. უბრალოდ ასეთ სწრაფ რეჟიმში, ძალიან დიდია ალბათობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა ხელი მოითბონ, ერთმანეთს დაუდასტურონ სახელმწიფო მიწებზე მფლობელობა და მათზე გადავიდეს ეს ქონებები“,- ამბობს ოთარ კაჭკაჭიშვილი.