სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გაუძღვა.
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა საკონსულტაციო საბჭოს მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, იმსჯელეს 2017 წელს დაგეგმილი პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ.
მხარის გუბერნატორმა გამგებლებს მუნიციპალიტეტებში დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურებისკენაც მოუწოდა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სეზონს მხარე მომზადებული დახვდეს.
სხდომას გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები, ქ. ახალციხის მერი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" დადგენილი წესით საქმიანობს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება. წინა სხდომა მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაიმართა.