უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე მინიმალურ რაოდენობად განისაზღვრება
სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით საკონსტიტუციო პროექტში არაერთი ცვლილებაა შეტანილი.
პროექტის მიხედვით, განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა და დგინდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი.
"რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ამ კუთხით შეტანილია არაერთი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში. მათ შორის დგინდება, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა, რაც იყო არასამთავრობო სექტორის ერთ–ერთი მოთხოვნა. დღეს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 13 მოსამართლე და მინიმალურ რაოდენობად განისაზღვრება 28 მოსამართლე, რაც აღმოფხვრის იმ სერიოზულ პრობლემებს, რომელიც ამ ორგანოში არის დღეს წარმოქმნილი.
ასევე იცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესი ვენეციის კონვენციის რეკომენდაციის შესაბამისად, დგინდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი. მათ შორის პირდაპირ არის წარდგენილი კონსტიტუციით, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, გახდეს მოსამართლეთა გათავისუფლების საფუძველი. ხშირად გამოიყენებოდა ასეთი პრინციპების არარსებობა იმისათვის რომ ზეწოლა განხორციელებულიყო მოსამართლეზე. ამ ყველაფრისგან გვაზღვევს ჩვენ ახალი ჩანაწერები" – განმარტა სახელმწიფო–საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე.
საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ახალციხეში ამ დრომდე მიმდინარეობს.